ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია, სისხლისმღვრელი ომები ბიბლიურ სამყაროში

შესავლის პირველი ნაწილი წიგნიდან "ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია"

 

ბიბლია, ეს არამარტო წიგნია, არამედ ცოცხალი არსება, რომელიც თავისი უძლეველობით ყველაფერს ამარცხებს, რაც მის წინააღმდეგაა

ნაპოლეონ ბონაპარტი

 

რამდენიმე ათასწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც პალესტინის მიწაზე მსოფლიო რელიგიის დამფუძნებელი წიგნი იქმნებოდა, წიგნი, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და დღესაც საკმაო პოპულარულობით და პატივისცემით სარგებლობს, როგორც მაშინ, როდესაც ჯერ იუდაიზმი და შემდეგ ქრისტიანობა საფუძველს იმყარებდა. ჩვენ ამ წიგნში შეგვიძლია ყველაფერი ვიპოვოთ რასაც მოვისურვებთ და წავიკითხოთ იმ თვალსაზრისით როგორითაც გვსურს. უამრავი ადამიანი კითხულობს ძველი და ახალი აღთქმის ათასწლოვან ისტორიებს და ღებულობს სულიერ საზრდოს. ამავე დროს ბიბლიის მკითხველი იშვიათად თუ აქცევს ყურადღებას თუ რამდენად სავსეა ბიბლია სამხედრო მოქმედებებით, ბრძოლებითა და სისხლისღვრით და რამდენად ძვირფასია ისეთი მეცნიერებისთვის, როგორიცაა სამხედრო ისტორია. სწორედ ამაში მდგომარეობს ბიბლიის უნიკალურობა. ამ მრავალსაუკუნოვანი ნაშრომის კარგად შესწავლისას მასში კიდევ უამრავ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რომელზეც მანამდე ყურადღება არ გაგვიმახვილებია.

 

ქანაანის ხალხების რუკა(c)Nika Khoperia

 

ბიბლიური ხანა, ანუ ის პერიოდი რომელსაც ძველი და ახალი აღთქმა აღწერს ძალიან ვრცელია. ამ ეპოქაში უამრავი სისხლისმღვრელი და სასტიკი ომი მძვინვარებდა. მსოფლიო ცივილიზაციათა დიდი ნაწილი მაშინ ახლო აღმოსავლეთში აღორძინდა, ანუ იქ სადაც ბიბლია იწერებოდა. ძველი მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა სახელმწიფოთა სამხედრო ძალები, მათი აღჭურვილობა, შეიარაღება, წვრთნა და მომზადება. ყველაფერი ეს მუდმივი ომიანობის შედეგი იყო. ომები მძვინვარებდა მთელ დედამიწაზე, იცვლებოდა იმპერიათა საზღვრები, ინგრეოდნენ სამეფოები. მთავარი ბიბლიური სახელმწიფო ანუ ისრაელი, სადაც ეს წიგნი იწერებოდა თავდაპირველად მეტად უმნიშვნელო, თუმცა ქანაანის დაპყრობის შემდეგ მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს საულის, დავითისა და სოლომონის მეფობის ხანაში. ამ მეფეებს ძალიან ხშირად უწევდათ ომები მეზობელ მოუსვენარ ქვეყნებთან(ფილისტიმელები, მოაბელები, ამონიტელები და ა.შ).

უძველესი პალესტინა(c)Nika Khoperia

 

 

ისრაელის სამხედრო ძალები დიდად არ განსხვავდებოდნენ სხვა ხალხების არმიებისგან და შეიარაღება და აღჭურვა მსგავსი ჰქონდათ. ებრაელებმა მალევე ისწავლეს საბრძოლო ეტლების გამოყენება, თუმცა ეს ელიტური სამხედრო ძალა დიდი რაოდენობით არ ჰყავდათ და მთავარ იმედს ქვეით ჯარზე ამყარებდნენ. ქვეითი ჯარი ისრაელის 12 ტომის მეომრებისგან იკრიბებოდა და თითოეული ტომის მეომარს განსხვავებული შეიარაღება ჰქონდა. ბიბლიაში აღწერილია ისრაელიანებსა და მათ მტერს შორის მომხდარი ბრძოლები, მაგალითად რეფიდიმის, ებენ-ყეზერის, თაბორის და ა.შ. ბიბლია, როგორც რელიგიური მიზნებისთვის შექმნილი წიგნი, არ აღწერს დაწვრილებით არცერთი ბრძოლის მიმდინარეობას, მებრძოლ მხარეთა შეიარაღებას, მომარაგებას. ბრძოლაში ყურადღება უფრო გამახვილებულია უფლის შეუცნობელ და წარმოუდგენელ ძალაზე, რომლის ნებითაც ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს და მეორე ისჯება. მიუხედავად ამისა, შეიძლება რელიგია და ისტორიული სინამდვილე ერთმანეთისაგან განვაცალკევოთ და ბრძოლის შედეგები მეცნიერული თვალსაზრისით გავაანალიზოთ. ამაში ხელს გვიწყობს ბიბლიის ავტორების მიერ არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც მინიშნებულ მაშინდელი სტრატეგიული ხერხებისა და ტაქტიკის აღწერა. საერთო ჯამში ბიბლიური ისტორიის გაცოცხლება და მეცნიერული განხილვა ძალიან რთული საკითხია და დიდ მუშაობას მოითხოვს, ჩვენ ხომ რამდენიმე ათასი წლის წინათ დაწერილ წიგნზე გვაქვს საუბარი. 

ახალასურული იმპერიის ექსპანსია(c)Nika Khoperia 

 

 

მოვლენები რომელიც ბიბლიაში ვითარდება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთს ეხება. ტერმინი "ახლო აღმოსავლეთი" ახალი შემოსულია და მოიცავს ისრაელის, ლიბანის, სირიის, იორდანიის, ერაყის, ეგვიპტის, სუდანის ჩრდილოეთი ნაწილის, თურქეთის(მცირე აზია) და საუდის არაბეთის ტერიტორიებს.

ებრაული ტომები პალესტინაში(c)Nika Khoperia

 

 

ეს ისტორიული მიწებია, რადგან სწორედ ახლო აღმოსავლეთში აღმოცენდა ისეთი დიდი ცივილიზაციები, როგორებიც იყო ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის და მითანის სამეფოები. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიაში ზოგჯერ შეიძლება ისეთ თემას შეხვდეთ, რომ ბიბლიიდან გადახვეულად ჩათვალოთ, მაგრამ წიგნის ასეთი თავები იმიტომაა შექმნილი, რომ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას იმ მხარის გეოგრაფიული და ისტორიული ცნობებით. მაგალითად სტატიები არის ზოგიერთ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ იყოს მოხსენიებული ბიბლიაში, მაგრამ მიმდინარე მოვლენებისდა მიხედვით საჭირო გახდა მისი დამუშავება და მკითხველისთვის მიწოდება, მაგალითად ხეთების სამეფო. მართალია ბიბლიაში ხეთები მოხსენიებულები არიან, მაგრამ არა როგორც ცალკეული იმპერია, არამედ ქანაანის ერთ-ერთი ტომი, თუმცა საჭირო გახდა ხეთების სამეფოს შესახებ სტატიის ჩართვა, რადგან ეს იმპერია დიდ როლს თამაშობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და მუდმივი საომარი თუ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ბიბლიურ ხალხებთან. წერის პროცესში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა ისეთი მასალების შეგროვება, რომელზე დაყრდნობით და რომლის დახმარებითაც ნაშრომის ტექსტი იქმნებოდა.

მორდეხაი გიხონი & ხაიმ ჰერცოგი "ბიბლიის ომები"

 

არ იქნება გადამეტებული იმის თქმა, რომ საქართველოში ბიბლიური სამხედრო ისტორია ძალიან ნაკლებად განხილული საკითხია და ქართულენოვანი მასალა მასზე არ იშოვება. წიგნში გამოყენებულია თითქმის მთლიანად ინგლისური, ამერიკული და რუსული მეცნიერული ნაშრომები, განსაკუთრებით კი Osprey Publishing-ს (სამხედრო ისტორიის ინგლისური გამომცემლობა)მიერ გამოცემული ალმანახები და წიგნები, ასევე ამ გამომცემლობის წიგნთა რუსული ვარიანტები. წიგნში გამოყენებულია OXFORD university press -ს გამოცემული ატლასები, ABC CLIO-ს გამომცემლობის სამხედრო ისტორიის წიგნები, ასევე ბიბლიის რამდენიმე ენციკლოპედიის მასალები.

ყველაზე ძველი წიგნი, რომელიც ჩემ ნაშრომში გამოვიყენე, არის თეოდორ ალოის ბაკლის The great cities of the ancient world, ეს წიგნი 1852 წელსაა დაწერილი, თუმცა მასში მოცემული ფაქტები და ისტორიები თითქმის არ განსხვავდება თანამედროვე ისტორიკოსთან ნაშრომებისაგან და ერთ-ერთი საუკეთესოა ძველი მსოფლიოს ქალაქების ისტორიაში(მსგავს თემაზე სხვა თანამედროვე ნაშრომებში გადამოწმებულია, ამიტომ არაზუსტი ცნობები ბიბლიის ენციკლოპედიის სტატიებში არ მოხვედრილა). ძველი ახლო აღმოსავლეთის სამეფოთა შესახებ საგულისხმო ცნობები არსებობს ჯორჯ რავლინსონის წიგნში The five great monarchies of the ancient eastern world, რომელიც 1862 წელს დაიბეჭდა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ლონდონში.

ამ წიგნში საკმაოდ ფართოდაა განხილული ძველი აღმოსავლეთის ხუთი დიდი სახელმწიფოს ისტორია, სპარსეთის, მიდიის, ბაბილონის, ელამის და ასურეთის, ამიტომ მოცემული ძვირფასი მასალა ენციკლოპედიის სტატიებისთვის სასარგებლო გამოდგა. თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომლის დახმარებითაც ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიაში ბერძნულ-მაკედონური სამყაროს შესახებ სტატიები შეიქმნა არის რუთ შეპარდის Alexander the Great at War, ამ წიგნში საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი ალექსანდრე მაკედონელის კამპანიები და მისი ომების შედეგები, ასევე აღწერილია მაკედონური, სპარსული, ინდური არმიების ორგანიზება და ალექსანდრე ჩატარებული ბრძოლები. საერთო ჯამში წიგნი მოიცავს ალექსანდრე მაკედონელის მეფობის მთელ პერიოდს და მკითხველს აწვდის უამრავ საინტერესო ისტორიას და ფაქტებს დიდი დამპყრობლის შესახებ, რომელმაც ბიბლიაშიც კი მოახერხა წვლილის დატოვება, ილაშქრა პალესტინაში და აიღო იერუსალიმი.

ეგვიპტეზე თემების დამუშავებაში დამეხმარა რუსი მეცნიერის, ვსევოლოდ ავდიევის Военная история древнего Египта ორ ტომად და რობერტ მორკოტის Historical Dictionary of Ancient Egyptian Warfare. ამ წიგნებში აღწერილია ეგვიპტის სამხედრო ისტორია, რომელიც ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს. განხილულია ფარაონთა ლაშქრობები, ეგვიპტის არმიის ორგანიზაცია და აღჭურვილობა საუკუნეთა განმავლობაში. ძველი მსოფლიოს ომებისა და არმიების აღწერაში გამოვიყენე Войны и сражения (Древний мир), რომელიც საიმონ ენგლიმის, ფილიპ ჯესტისის, რობ რაისის, სკოტ რაშის და ჯონ სერატის ერთობლივი ნამუშევარია. წიგნში ყველაფერი ძალიან ობიექტურადაა აღწერილი, როგორც ომები და ლაშქრობები, ასევე ცხენოსანი, ქვეითი და ეტლოსანი ჯარის მნიშვნელობა და ძალა ბრძოლის ველზე.

ამ წიგნში ძალიან კარგადაა განხილული საალყო ტექნიკის და იარაღის განვითარებაც. ელინისტური სახელმწიფოების არმიების და ბრძოლები აღწერისათვის ენციკლოპედიაში გამოყენებულია ნიკ სეკუნდასა და ანგუს მაკბრაიდის წიგნი SELEUCID AND PTOLEMAIC REFORMED ARMIES 168-145 BC და ბოსვორსის The Legacy Of Alexander. Politics, Warfare And Prop, რომელშიც ელინისტური სახელმწიფოების პოლიტიკა და სამხედრო ისტორიაა აღწერილი. ისრაელისა და იუდეის შესახებ სტატიების დაწერისთვის ენციკლოპედიაში გამოვიყენე ბრედ კელის Ancient Israel at War 853-586 BC,  Osprey publishing-ს გამოცემული ეს წიგნი ობიექტურად აღწერს ისრაელის სამხედრო ისტორიას გაერთიანებული სამეფოს დაშლის შემდეგ, როდესაც ისრაელის ერთიანი სახელმწიფო ორად გაიყო. ისრაელის მსაჯულთა, მეფეთა და მაკაბელთა პერიოდში მომხდარი სამხედრო მოვლენების აღწერაში ხაიმ ჰერცოგის და მორდეჰაი გიხონის ნაშრომი, Battles of the Bible გამოვიყენე.

ეს წიგნი ნამდვილად საუკეთესოა ბიბლიის ომებზე დაწერილ წიგნებს შორის და დაწვრილებით აღწერს ძველი აღთქმის სამხედრო ისტორიებს, ბრძოლებს, არმიათა ორგანიზაციისა და შედგენილობის საკითხებს. ბიბლიის ომების შესახებ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნაშრომი არსებობს Battles of the Bible, 1400 BC - AD 73 : from Ai to Masada, რომლის ავტორები ცნობილი ისტორიკოსები: მარტინ დოგერთი, მაიკლ ჰესკიუ, ფილი ჯესტისი და რობ რაისი არიან. წიგნში ბიბლიის ბრძოლების მთელი ისტორიაა აღწერილი ძვ.წ 1400 წლიდან ახ.წ 73 წლამდე. აქ არის ზოგიერთი ისეთი ფაქტი გვიანდელი ისრაელის ისტორიიდან, რომელიც ხაიმ ჰერცოგისა და მორდეჰაი გიხონის წიგნში არ გვხვდება.

ბიბლიური ომების შესახებ საგულისხმო ცნობები არსებობს ბრენდა ლევისის წიგნში Battles of the Bible და მარკ ჰელის და რიჩარდ ჰუკის Warriors of the Old Testament : Joshua, King David, Nebuchadnezzar, Judas Maccabeus. ბიბლიის სამხედრო ეციკლოპედიაში არის სტატიები რომის არმიის შესახებაც(მიუხედავად იმისა, რომ რომაელები ძველ აღთქმაში მხოლოდ ბოლო წიგნებშია მოხსენიებული, ახალ აღთქმაში მთლიანად ისინი დომინირებენ), რომელთა დაწერაში ნიკ ფილდსის The Roman Army of the Principate 27 BC-AD 117, დუნკან ანდერსონის The Roman army : the civil wars, 88-31 BC, დ. კენედის The Roman army in Jordan და ადრიან გოლდსვორსის The Roman army at war : 100 BC-AD 200. ამ წიგნებში ავტორები ძველი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის, რომის არმიის შესახებ მოგვითხრობენ ძვ.წ I-დან ახ.წ II საუკუნემდე, ანუ რომის ძლიერების ზენიტის დასასრულამდე. ენციკლოპედიის ვრცელი სტატია რომის არმიაზე, ძირითადათ სწორედ დუნკან ანდერსონის, დ. კენედის და ადრიან გოლდსვორსის წიგნებს ეყრდნობა.

ბიბლიური ისტორიის შესახებ არსებობს პროფესორ დევიდ როლის წიგნი УТРАЧЕННЫЙ ЗАВЕТ, ეს ნაშრომი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ავტორს ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებული მოსაზრებები და ხედვა აქვს. ამ ნაშრომში მოცემულია ბიბლიური მოვლენების ავტორის მიერ შედგენილი ქრონოლოგია. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიის დაწერაში ამ წიგნში მოცემულმა იდეებმა და განვითარებულმა მსჯელობამ მცირეოდენი წვლილი შეიტანა. ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია რაც ბიბლიის შესახებ შეიქმნა მიუხედავად იმისა, რომ მასში მოცემული ინფორმაციის ნაწილი არ არის დაფუძნებული ისტორიულ წყაროებზე და დოკუმენტებზე. ავტორი შეეცადა ბიბლიური სინამდვილე ფაქტების ერთმანეთთან შეჯერებით და იმავე პერიოდის სხვა ქვეყანათა ისტორიების ჩართვით ჩამოაყალიბა. 

 ამ ნაშრომების განხილვის შედეგად ჩანს ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია უმთავრესად რუსული და ინგლისური მასალების მიხედვით შეიქმნა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქართულ ენაზე თითქმის არ არსებობს მსგავსი ლიტერატურა, ან თუ არსებობს არ არის სათანადოდ მდიდარი, რომ მასში მოცემულ ინფორმაციებზე დაყრდნობით რაიმე ნაშრომის ჩამოყალიბება შეიძლებოდეს. ბიბლიის ენციკლოპედიაში არსებული სტატიებიდან ზოგიერთში გამოყენებულია მასალები ინტერნეტ ვებ-გვერდებიდანაც(რათქმაუნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდა და სანდო გახლდათ), როგორებიცაა http://www.bible-history.com/ და http://bibleencyclopedia.com . უბრალო ქრონოლოგიური ინფორმაციებისთვის იშვიათად გამოყენებულია http://wikipedia.org/ -ზე არსებული მასალებიც.  

 

ნიკა ხოფერია

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

გაზიარება:

კომენტარები: