ვაჟა ექიმი მოვიდა?

6 წლის წინ... ღუდუშაურის კლინიკა...  ტრავმატოლოგიური განყოფილება... ოპერაციის წინაპერიოდი... აშკარად არ მეძინება და საავადმყოფოს დაცარიელებულ დერეფანში დავბორიალობ, მხოლოდ მორიგე სამედიცინო პერსონალსა და შეწუხებულ პაციენტებს არ სძინავთ... რა იქნება ხვალ? ალბათ ტკივილები მექნება ოპერაციის შემდგომ...

დიაგნოზი: კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი;

რა სახის  დარღვევები გვხვდება ამ დროს მენჯ-ბარძაყის სახსარში?

- სახსრების დაავადებების საფუძველია სასახსრე ხრტილის დეგენერაცია. მტკიცე ელასტიკური სტრუქტურის ხრტილი გარდაიქმნება მშრალ, თხელ ხრტილად.  წარმოიქმნება წანაზარდები, სახსარში იზღუდება მოძრაობა, რაც იწვევს სახსრის დეფორმაციას. სახსარი ივსება ანთებითი სითხით, იმატებს ტკივილი, სახსრის ტკაცუნი განპირობებულია ხრტილის დაბალი ელასტიკურობით. კოქსართროზის დროს მორფოლოგიური ცვლილებები შეინიშნება როგორც სასახსრე ხრტილის ქსოვილში, ისე ძვალშიც. 

საჭიროა მენჯ ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება.

ჩემი ნარკოზისტი რამოდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მარწმუნებდა უარი მეთქვა ნარკოზზე და სპინალური გაუტკივარება გამომეყენებინა, მაგრამ ვერაფერი შემასმინა... არ მინდა რამე მესმოდეს, არ მინდა რამეს ვხედავდე ან რაიმეს ვგრძნობდე ოპერაციის დროს, ამიტომ ნარკოზზე უარი ვერ მათქმევინეს...

18 მაისი გათენდა, ძალიან მშვიდად ვიყავი, მხოლოდ იმას ვკითხულობდი ჩემი მკურნალი ვაჟა ექიმი (მარსაგიშვილი) თუ მოვიდა მეთქი, რომელიც რატომღაც მოსული არ იყო, დამხმარე პერსონალი შემოვიდა პალატაში, ნემსი გამიკეთეს და ჩემი საწოლიანად გამაგორეს ლიფტისკენ, ერთი სართულით მაღლა უნდა ავსულიყავით საოპერაციოში, ბიჭებმა დახმარება შემომთვაზეს საოპერაციო მაგიდაზე გადასაყვანად, რომელიც არ გამოვიყენე და ჩემი ფეხით გადავედი საოპერაციო მაგიდაზე. თუმცა სათვალე არ მეკეთა, მაგრამ ვხედავდი როგორ აწესრიგებდნენ სხვადასხვა ზომის საოპერაციო იარაღებს, შემდეგ სხვადასხვა აპარატურა ჩართეს და ჩემი გულისცემაც კარგად მესმოდა... უეცრად საოპერაციოს კარები გაიღო და ნიკა ექიმი შემოვიდა (თევდორაშვილი), რომელსაც ექთნები შეეკითხნენ ვაჟა ექიმი ხომ არ მოვიდაო, არ ვიცი რა დამემართა  ნიკა ექიმის სიტყვეზე ,,კი, მოვიდაო", ექთნის წკრიალა ხმა ჩამესმა: ,,სასწარაფოდ ნარკოზი, პაციენტს გული აუჩქარდაო!" მე მხოლოდ ნიკა ექიმის სიტყვებიღა ჩამესმა ბუნდოვნად: ,, ყველას ეშინია, მაგრამ ყველას უნდა რომ კარგად იყოსო..." 

შემდეგ კი გადავეშვი უსასრულო სივრცეში...

 

P.S. ახლა კარგად ვარ და ტკივილებიც საერთოდ აღარ მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ექიმებს, მათ მითითებებს მგონი ცუდად არ ვასრულებ, არ ვწევ სიმძიმეებს, არ დავდივარ ბევრს და რაც მთავარია ვცურავ და ვცურავ...

ჯანმრთელობას გისურვებთ და გეტყვით კიდევ ერთს: გაუფრთხილდით სახსრებს!!!

 

 

                                 ვაჟა მარსაგიშვილი

          

     

                            ნიკა თევდორაშვილი

          

გაზიარება:

კომენტარები: