სოციალური ქსელები ადამიანების წინააღმდეგ

facebook რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის რაოდენობით მე-3 ადგილზე იქნებოდა მსოფლიოში

სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში.

რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელების დადებით მხარეებზე: მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ბევრმა ძველი მეგობრები დაიბრუნა, ზოგმაც ახალი მეგობრები შეიძინა. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. მუდმივად მიმდინარე საქმეების კურსში ხარ, ადევნებ თვალს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ადამიანებიც უფრო თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს, თავისუფალ სიტყვებს, უფრო მეტს მსჯელობენ, განიხილავენ.

სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების საშუალება, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება თუ გამოკითხვის ჩატარება.

სამწუხაროდ, ამ დადებითების გვერდით სოციალურ ქსელებს ახასიათებთ საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე, რომლებიც ყველასთვის აშკარა და შესამჩნევია, თუმცა, საკმაოდ ცოტა თუ ცდილობს მათთან გამკლავებას.

ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს არის დროის უსარგებლოდ ხარჯვა! ადამიანები საათობით ათვალიერებენ მეგობრების გვერდებს, თამაშობენ სრულიად უაზრო თამაშებს, ათენებენ ღამეებს, წყდებიან სამუშაოს, სწავლას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს. მეორე დღეს იღვიძებენ სრულიად დაღლილები, არ ყოფნით ძილი, რაც უარყოფითად აისახება გუნებაზე და შესაძლოა, ცუდი განწყობა და დაქანცულობის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაჰყვეთ. არადა, რამდენი საინტერესო, სასიამოვნო და ღირებული საქმის გაკეთება შეიძლებოდა მთელი ამ დროის მანძილზე.

მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ურთიერთობენ, აცნობენ ყოველ სიახლეს, იღებენ ინფორმაციას. ამის ხარჯზე სულ უფრო კლებულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. იმის ნაცვლად, რომ სახლში მისვლისას 1 საათი დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს, მოვუყვეთ იმ დღეს მომხდარი საინტერესო ამბები თუ თავგადასავლები, გავუზიაროთ ერთმანეთს განცდები, სიხარული თუ ტკივილი, ეგრევე ვუსხდებით კომპიუტერებს, შევდივართ სოციალურ ქსელში და ყველა უცნობსა თუ ნაცნობს ვატყობინებთ საკუთარ ამბებს. თანაგრძნობა, მხარში ამოდგომა, გამხნევება თუ სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა, გამოხატული კომენტარებითა და სმაილებით.

მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და ეს არის პირადი ცხოვრებისა თუ ინფორმაციის სრული აფიშირება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდები, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება მთლიანი შენი ცხოვრების გაგება - ვისთან მეგობრობ, ნებისმიერ დროს რას აკეთებ, სად დადიხარ, როგორ ერთობი, რას საქმიანობ, რა გიყვარს ან არ გიყვარს. რაც არ უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მიღება. არავინ იცის, რა ელის სამომავლოდ, მარტივი შესაძლებელია, ოდესმე, ვინმემ ეს ყველაფერი შენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

სოციალურ ქსელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას გრძელვადიანი, საკმაოდ ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მუდმივად გამოუძინებლობამ, გადაღლილობამ შესაძლოა განავითაროს ნერვული აშლილობა, სტრესი, მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა. ეს ყველაფერი გარშემომყოფებზეც უარყოფითად აისახება. ნაკლები დროის დათმობა ხდება საქმეებსა და სწავლაზე, შესაბამისად სულ უფრო ნაკლებია წინსვლა, წარამტებები და განვითარება. ეს უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც.

გარდა ამისა, რაც მეტი დრო გადის, ხდება სრული გაუცხოება ოჯახის წევრებთან, სულ უფრო ნაკლები კონტაქტი მათთან, უფრო მეტია დაძაბულობა, გიჭირთ ერთმანეთის გაგება. მთლიანად ეშვები ვირტუალურ ცხოვრებაში და შორდები საყვარელ და ახლობელ ადამიანებს, წყდები რეალურ ცხოვრებას. თითქოს უფრო მეტი ნაცნობი და მეგობარი გყავს, მაგრამ უფრო მეტად მარტოსული და ჩაკეტილი ხდები, რადგან იკარგება ცოცხალი ურთიერთობები, ურთიერთგაგება, გულახდილი საუბრები.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სენს? რა თქმა უნდა, ეს არც ისე მარტივი იქნება, მთავარიასურვილი, მონდომება და ძალისხმევა. ჩვენ ვეცდებით, მცირე რჩევა მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, იმედია გამოგადგებათ. უფრო გაგიმარტივდებათ თავის გართმევა, თუ რამდენიმე მეგობარი ერთად შეთანხმდებით და დაიცავთ ამ წესებს.

პირველ რიგში, აუცილებელია, ზუსტად განსაზღვრო, რა როლს უნდა ასრულებდნენ სოციალური ქსელები შენს ცხოვრებაში, რა სარგებელს ან ღირებულებას უნდა იღებდე მათგან (მაგალითად, სიახლეების გაგება, მეგობრების მოკითხვა).

შემდგომ გამოყო გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელსაც დაუთმობ ამ სარგებლის მიღებას და მკაცრად აკონტროლო საკუთარი თავი, არ გადააცილო არაფრით დათქმულ დროს (მაგალითად, შუადღით და საღამოთი ნახევარი საათი მხოლოდ). თუ მეგობრებთან ერთად მოქმედებთ, შეგიძლიათ დროის გადაცილების შემთხვევაში ერთმანეთს სახალისო სასჯელიც მოუფიქროთ.

საიტზე ყოფნისას მაქსიმალურად შეიკავეთ თავი არაფრისმომცემი კომენტარების, პოსტების დაწერისაგან და დისკუსიებში ჩართვისაგან. ეცადეთ, მხოლოდ საინტერესო და ღირებული პოსტები წაიკითხოთ ან განათავსოთ.

როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო, რომ ისევ სოციალურმა ქსელმა არ ჩაგვითრიოს? ამისათვის ჩამოწერეთ ყველაზე საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებდათ. ასეთი კი უამრავი არსებობს: კითხვა, კინოსა და თეატრში წასვლა, ქარგვა-ქსოვა, ცეკვის ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, რომეილმე უცხო ენის შესწავლა, ექსკურსიაზე წასვლა, გასეირნება, სპორტით დაკავება და სხვა მრავალი.

შემდგომ ამოირჩიეთ 2-3 ისეთი მოქმედება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გიზიდავთ, გადაანაწილეთ კვირის განმავლობაში, შეადგინეთ განრიგი და ეცადეთ, მაქსიმალურად დაუთმოთ თავისუფალი დრო მას. უმჯობესი იქნება, თუ რომელიმე მოქმედება მეგობრებთან ერთად იქნება გაწერილი, მაგალითად, ერთად იაროთ კვირაში სამჯერ სპორტ-დარბაზში ან ისწავლოთ რომელიმე კერძის მომზადება ერთად. ეს უფრო სახალისოს და სასიამოვნოს გახდის პროცესს, ხოლო რაც ნაკლები ახლობელი ადამიანი იქნება ჩართული სოციალურ ქსელში, მით უფრო გაგიმარტივდებათ თავადაც მასთან გამკლავება.

და რაც მთავარია, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს. სამსახურიდან ან სასწავლებლიდან დაბრუნებისას გაესაუბრეთ მათ, მოუყევით საინტერესო თავგადასავლები, რომლებიც იმ დღეს გადაგხდათ, კითხეთ რჩევა უფროსებს, ერთად გაერთეთ და იმხიარულეთ. ამით უზომო სიამოვნებას და სითბოს მიიღებთ, განიტვირთებით მძიმე დღისაგან, დაღლილობისაგან და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ.

 

თქვენ აუცილებლად შეძლებთ ამას, გისურვებთ წარმატებებს :)

წყარო: http://strategy.ge/2011/03/02/social-network/

გაზიარება:

კომენტარები: